sagarejos municipaliteti  
  

 

 

sagarejos municipaliteti - sagarejo
ქალაქი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ქალაქში დგას XVIII საუკუნის ძეგლი საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია.

geografia

მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთში, მდინარე თვალთხევის ნაპირას, თბილის-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 770 მ, თბილისიდან 58 კმ რკინიგზით, 48 კმ საავტომობილო გზით.

არის ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავა. იცის ცხელი ზაფხული და ნალექების ორი მინიმუმი წელიწადში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11 °C წელიწადში; იანვრისა -0,1 °C, ივლისის - 22 °C. აბსოლუტური მინიმუმი -24 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38 °C. ნალექები 860 მმ წელიწადში.

istoria

სახელწოდება საგარეჯო მომდინარეობს დავითგარეჯას მონასტრის მამულის - საგარეჯოს - ზოგადი სახელიდან.

არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ქალაქ საგარეჯოს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ძვ. წ. II ათასწლეულიდან შეიმჩნევა.

წერილობითი წყაროებით ირკვევა, რომ ქალაქ საგარეჯოს ადრე „თვალი“ ერქვა, იგი ზოგჯერ მოხსენიებულია როგორც „თვალნი“, „თვალ-საგარეჯო“ და „საგარეჯო“.

სოფლის სახელწოდებად „თვალი“ ისტორიულ საბუთებში XIX საუკუნიდან ჩნდება. სახელწოდება „თვალნი“ კი მიუთითებს იმაზე, რომ აქ რამდენიმე სოფელი იყო გაერთიანებული, რასაც მატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლეც მოწმობს. თუმცა ახლა ამ სოფლებს შორის საზღვრები უკვე აღარ გაირჩევა. სახელწოდება „საგარეჯო“ ჩნდება XV საუკუნის შუა წლებიდან. პირველად ეს ტერმინი გარეჯის მონასტრების მფლობელობაში მყოფ სოფლებსა და მამულებზე ვრცელდებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: „ამან მოიგო სახელი, ოდეს შესწირეს გარეჯის უდაბნოს დაბნები ესე, უწოდეს საგარეჯო“. XVIII საუკუნეში გაჩნდა სახელწოდება „თვალ-საგარეჯო“. რადგანაც სოფელი საგარეჯოს სენიორიაში შედიოდა, ამ ორი სახელის შერწყმა სავსებით გასაგები ხდება.

გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის იოჰან გიულდენშტედტის ცნობით: „კახეთის მხარეს თვალსაგარეჯოს უჭირავს იოტის ქვედა დინება და მთისწინეთის ქვემო ნაწილი და მისი ვაკეები. მასვე ეკუთვნის კედლებით და ციხეებით აღჭურვილი ადგილები: 1. მანავი, ყველაზე განაპირა აღმოსავლეთი ადგილი. 2. ნავთლუღი. 3. მარტყოფი, რომელსაც თვლიან ქალაქად. 4. ნორია. 5. ლოჭინი. 6. ბატორო. 7. სეოლი. 8. მონასტერი ნინოწმინდა. 9. ნანიანი და 10. საგარეჯო, რომელსაც აგრეთვე ქალაქი ჰქვია.“

XIX საუკუნის დასაწყისისათვის სოფლის სახელწოდებას „თვალი“ მთლიანად ჩამოსცილდა და, როგორც დავითგარეჯის კუთვნილ სოფელს, დარჩა სახელი - „საგარეჯო“.

საგარეჯომ მრავალჯერ განიცადა მტრის გამანადგურებელი თავდასხმა. XIV საუკუნის ბოლოს, თემურ ლენგის მრავალგზის შემოსევების შედეგად, დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრება მოიშალა და მისი კუთვნილი სოფლები, მათ შორის თვალიც, ალექსანდრე I-მა მცხეთის საკათალიკოსოს გადასცა. 1741 წელს საგარეჯო ირანელთა მარბიელთა რაზმებმა ააოხრეს. გვიანდელ შუა საუკუნეებში ხშირი იყო ლეკთა თავდასხმები.

საგარეჯო, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე და შემდგომაც, მნიშვნელოვანი სტრატეგიულ-ეკონომიკური პუნქტი იყო. აქ გადიოდა თბილისიდან კახეთში მიმავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზა. საგარეჯოზე გადიოდა აგრეთვე უკანამხრის „ცხვრის გზის“ ერთი ტოტი, რომლითაც ფშაველებს, ერწო-თიანელებს და თუშებს ცხვარი შირაქიდან საზაფხულო საძოვრებზე გადაჰყავდათ.

XV საუკუნეში გარეკახეთი სამოურავოს წარმოადგენდა. მის მოურავს, რომელიც სამეფო კარის დიდმოხელე იყო, მეფე ნიშნავდა. სამოურავოს ადმინისტრაციული ცენტრი სოფელი თვალი იყო.

XVI საუკუნეში ქართლის მეფემ დავით X-მ კახეთის დაკავების მიზნით, ორჯერ ილაშქრა კახეთში. საგარეჯოელებმა მას მხარი დაუჭირეს, რის გამოც, მეფე, მეორედ, ლაშქრობის დროს მცედრიონთან ერთად, სწორედ საგარეჯოში დაბანაკდა.

XVII საუკუნეში, შაჰ აბასის ლაშქრობების შედეგად განადგურებული საგარეჯოს აღდგენა XVII საუკუნეშივე, გარეჯის წინამძღვრის ონოფრე მაჭუტაძის ძალისხმევით დაიწყო.

XX საუკუნის დასაწყისში საგარეჯოში ცხოვრობდა 80-900 კომლი, უმრავლესობა ქართველები და 70 კომლი სომხები. იყო რეგულარული მიმოსვლა დილიჟანსით თბილისსა და საგარეჯოს შორის. სოფლის ქუჩებს ჰქონდა უსწორმასწორო ხასიათი და გაფანტული განაშენიანება. მოქმედებდა ბაზარი, სასოფლო სამკურნალო, ორკლასიანი სასწავლებელი და კერძო სამრევლო სასწავლებელი. მოსახლეობა მისდევდა მემინდვრეობასა და მევენახეობას.

1929 წელს გახდა გარეკახეთის რაიონის ცენტრი, რომელსაც 1933 წელს ეწოდა საგარეჯოს რაიონი. ქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა რკინიგზის სადგური, მევენახეობის და მეცხოველეობის მეურნეობები, მეფრინველეობის ფაბრიკა, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, საშენ მასალათა, ავტო- და საბურავების შემკეთებელი ქარხნები.

2023 wlis srola

2023 წლის 19-20 იანვრის ღამეს საცხოვრებელი კორპუსის ერთ–ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ყოფილმა სამხედრომ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლა 4 და დაჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი, მოგვიანებით მან ასევე ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ–ერთი დაიღუპა.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 10 871 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1901 4 500    
1989 14 439    
2002 12 566    
2014 10 871 5154 5717
 

 

foto galerea

რეგიონი კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°44`13″ ჩ. გ. 45°19`33″ ა. გ.
ამჟამინდელი სტატუსი
1962 წ
ცენტრის სიმაღლე 772 მ
მოსახლეობა 10 871 კაცი (2016)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
სომხები 0,4 %
რუსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 351
საფოსტო ინდექსი 3800
ოფიციალური საიტი https://sagarejo.gov.ge/

 

 

საგარეჯოს გერბი საგარეჯოს დროშა

სროლა საგარეჯოში